როგორ შევარჩიო ციფრული პროფესია?
ციფრული ინდუსტრიის 4 მიმართულება, 15+ პროფესია, 4 Case Study
საიდან დავიწყო ციფრულ ტექნოლოგიებში მოღვაწეობა? როგორ ვიპოვოთ ციფრულ სფეროში ახალი პროფესია? რა მიმართულებები არსებობს “აიტი” სფეროში? რატომ უნდა განვვითარდე ციფრული მიმართულებით? როგორ ვიპოვო IT ინდუსტრიაში ის რაც მაინტერესებს?
თუ ეს კითხვები გაწუხებს, შევეცდები ამ სტატიაში ყველაფერზე გიპასუხო 🙌
ვისაუბრებ ციფრული პროდუქტის გარშემო არსებულ მიმართულებებსა და პროფესიებზე. ყველა მიმართულებას თან ერთვის პრაქტიკული მაგალითი (შემთხვევა, ქეისი, Case Study), რომელიც თითოეული პროფესიის ყოველდღიური საქმიანობის უკეთესად აღქმაში დაგეხმარება.
პროდუქტის ბევრი განმარტება არსებობს, მაგრამ შევეცდები მარტივად აგიხსნა. მაგალითად ყველაზე პოპულარული ციფრული პროდუქტია ნებისმიერი მობილური აპლიკაცია და ნებისმიერი ვებგვერდი (საიტი), რომელსაც ყველა ჩვენგანი იყენებს.
მათ შექმნასა და განვითარებაში საჭიროა მინიმუმ ოთხი ძირითადი მიმართულება:
- პროდუქტის დიზაინი
- პროდუქტის დეველოპმენტი
- პროდუქტის მენეჯმენტი
- პროდუქტის მარკეტინგი
შენ ნებისმიერი მიმართულება შეგიძლია მოიკვლიო და ციფრული პროფესიისკენ მიმავალი პირველი ნაბიჯები გადადგა. მე კი საწყის ინფორმაციას ოთხივე სფეროს შესახებ მოგაწვდი.
ზოგადად თითოეულ სფეროს ბევრი კომპლექსური განმარტება აქვს, ამიტომ მეტი სიმარტივისთვის ძირითად პროფესიებზე ვისაუბრებ.
⚠️ Disclaimer²#1: იმის გამო, რომ სრულყოფილად ჩამოყალიბებული განმარტებები რთულად აღსაქმელია, შედარებით მარტივად და რიგ შემთხვევებში გამიზნულად არასრულყოფილად ავხსნი ციფრული პროფესიების საქმიანობებს.
⚠️ Disclaimer #2: ასევე შესაძლოა რამდენიმე პროფესია სხვა მიმართულებებთანაც იყოს თანაკვეთაში, თუმცა მხოლოდ ციფრული პროდუქტის გარშემო განვიხილავ.
პროდუქტის დიზაინი
მომხმარებლის ქცევა, გამოცდილება, ინტერაქცია, ინტერფეისი, ვიზუალი, ტექსტი
UI და UX დიზაინერი, UI & UX Designer
User Interface (მომხმარებლის ინტერფეისის) და User Experience (მომხმარებლის გამოცდილების) დიზაინერი.
ქმნის მომხმარებელზე ორიენტირებულ გამოცდილებასა და ვიზუალურ ინტერფეისს , რომელიც მომხმარებელს, კომპლექსური ციფრული პროდუქტების მარტივად გამოყენებაში ეხმარება.
ეს პროფესია შესაძლოა 2 ერთმანეთზე დამოკიდებულ სფეროდ აღვიქვათ:
UI Designer: ქმნის ციფრული პროდუქტის ინტერაქციულ ელემენტებს. მაგალითად ღილაკი, ტექსტის ჩასაწერი, ნავიგაცია და სხვა. ძირითადად ორიენტირდება ისეთ ელემენტებზე, რომელთა მეშვეობითაც მომხმარებელი პროდუქტს იყენებს. ასევე უზრუნველყოფს ესთეტიკურობას.
UX Designer: ფოკუსირდება მომხმარებლის მხრიდან ციფრული პროდუქტის (სრული სერვისის) გამოყენების დაწყებიდან მის დასრულებამდე. ითვალისწინებს ამ პერიოდში ჯამურ გამოცდილებას, პრობლემებს, ფიქრის პროცესს და ა.შ.
გრაფიკული დიზაინერი, Graphic Desinger
იყენებს ფერებს, ფორმებს, ფოტოებს და ფონტებს(ტიპოგრაფიას) იმისათვის რომ შექმნას ვიზუალური საკომუნიკაციო მასალა(კონტენტი) როგორც დასაბეჭდად ასევე ციფრულ სამყაროში.
მოცემული დიზაინები UI Designer-ის ნამუშევრებისგან განსხვავებით ძირითადად არის სტატიკური და არაინტერაქციული, როგორიცაა ლოგო, ილუსტრაცია, პოსტერი, შეფუთვა, ბროშურა და სხვა.
Copywriter, კოპირაიტერი, UX მწერალი, UX Writer
ნებისმიერი წერილობით კომუნიკაციაზე რაც მომხმარებელსა და კომპანიას შორის შედგება მუშაობს Copywriter-ი. მათ შორის ციფრულ პროდუქტში არსებულ ტექსტებზე (ქოფი, copy)
UX Researcher, UX მკვლევარი
რაოდენობრივი (Quantitative) და თვისებრივი (Qualitative, ხარისხობრივი) კვლევების დახმარებით, მომხმარებლის მოთხოვნილებებსა და პრობლემების შესახებ აგროვებს ინფორმაციას, რაც პროდუქტის განვითარებისთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილია.
სხვა დიზაინ პროფესიები
Information Architect, Game Designer, Illustrator, Web designer, Brand Designer, Logo designer: უამრავი სხვადასხვა დასახელების პროფესია არსებობს, თუმცა ისინი ძირითადად ან ზემოთ ნახსენები სფეროების კონკრეტულ მიმართულებაში სპეციალიზდებიან ან სხვადასხვა ინდუსტრიაში. მაგალითად Game Desinger ციფრული პროდუქტის დიზაინს ქმნის, თუმცა ძირითადად კომპიუტერულ თამაშებს.
📚 პროდუქტის მაგალითი #1 – კოვიდ აპლიკაცია
აღწერა
მსოფლიოში გამოჩნდა კორონა ვირუსი. ბაზარზე გაჩნდა ახალი შესაძლებლობები, სერვისები, პროდუქტები და მოთხოვნილებები. ერთ-ერთმა კომპანიამ გადაწყვიტა კოვიდ აპლიკაციის შექმნა. ჩამოწერეს ძირითადი ფუნქციონალის იდეები და გუნდს გადასცეს დასამუშავებლად.
პროცესი
UX მკვლევარმა რაოდენობრივი (Quanititative) კვლევის ერთ-ერთი მეთოდი გამოიყენა, ჩამოაყალიბა კითხვარი, განსაზღვრა მიზანი და კომპანიის არსებული მომხმარებლების 10%-ს წარუდგინა. შეგროვებული ინფორმაციით დადგინდა, რომ ძირითად მომხმარებლებს კოვიდ ტესტირების დაჯავშნა ტელეფონის ზარის მეშვეობით უწევდათ, რაშიც ბევრ ენერგიას ხარჯავდნენ და პრობლემები ექმნებოდათ.
UX დიზაინერმა კვლევისგან მიღებული ინფორმაციის საფუძველზე, აპლიკაციის დიზაინის შემუშავებისას, კოვიდ ტესტირების დაჯავშნის ფუნქციონალს უფრო მნიშვნელოვანი ადგილი დაუთმო. არსებული გამოცდილებები გაითვალისწინა და მომხმარებლის დაჯავშნის Flow(ქცევა) დიაგრამის სახით შექმნა.
UI დიზაინერმა უკვე განსაზღვრული ქცევის საფუძველზე, “დახატა” აპლიკაციის გვერდები, შექმნა ღილაკები, ნავიგაცია, ჩასაწერი ელემენტები და ა.შ. Copywriter დაეხმარა და დიზაინებში არსებული ტექსტები დაწერა, შექმნა დაჯავშნის მოკლე აღწერა, ღილაკის სათაური, დაკავებული ადგილის შემთხვევაში შეტყობინების ტექსტი და ა.შ. დადასტურების შეტყობინებაში ილუსტრაციის გამოჩენის აუცილებლობაც გამოჩნდა და შესაბამისად გრაფიკული დიზაინერიც დაიხმარეს. UX დიზაინერთან ერთად კი შექმნეს პროტოტიპი¹.
UX მკვლევარმა, ამჯერად ხარისხობრივი (Qualitative, თვისებრივი) კვლევის ერთ-ერთი მეთოდი გამოიყენა, აარჩია 30 პოტენციური მომხმარებელი და ჩაუნიშნა ფიზიკური ინტერვიუები. ინტერვიუებზე პროტოტიპი აჩვენა, მისცა დავალებები და მათ ქცევას დააკვირდა. შედეგებით კი დადგინდა, რომ პროტოტიპმა Usability ტესტირება წარმატებით გაიარა და შესაბამისად ინტერფეისი დამატებით ცვლილებებს არ საჭიროებდა.
შედეგი
საბოლოოდ მივიღეთ ციფრული პროდუქტის სრული დიზაინი, რომელიც უკვე მზადაა შემდეგი ეტაპისთვის.
⚠️ Disclaimer: როგორც წესი ამ პროცესში სხვა მიმართულებების ციფრული პროფესიებიც ჩაერთვებოდნენ, მაგრამ ამჯერად მხოლოდ დიზაინის მიმართულებაზე ვისაუბრე.
⚠️ Disclaimer: რეალურ ეჯაილ გარემოში პროდუქტის განვითარებას ფაზებად არ ვყოფთ. როგორც წესი ფუნქციონალის დიზაინსაც და დეველოპმენტსაც პატარ-პატარა იტერაციებში ერთად ვაკეთებთ. თუმცა პროდუქტის განვითარების ეჯაილ და ლინ (LEAN) მეთოდოლოგია უფრო ღრმა და სხვაგან სასაუბრო საკითხია.
იმედი მაქვს მარტივად აღიქვი ნახსენები პროფესიები მაგალითის გამოყენებით. თუ დამატებითი კითხვები გაქვს მზად ვარ კომენტარებში გიპასუხო 👇
პროდუქტის დეველოპმენტი
ინჟინერია, პროგრამირება, არქიტექტურა
ფრონტ-ენდ დეველოპერი, Front-end Developer
იგივე client-side დეველოპერი ფოკუსირდება მომხმარებლისთვის ვიზუალურად აღქმად ელემენტებზე და მათ ქცევაზე. დიზაინერის შექმნილი პროტოტიპის მიხედვით უკვე ქმნის რეალური პროდუქტის წინა მხარეს, როგორც ვიზუალს ასევე “წინ” (რასაც მომხმარებელი ხედავს) არსებულ ლოგიკას. მაგალითად სხვადასხვა გვერდებზე გადასვლის ლოგიკა, უკან დაბრუნების ლოგიკა, სერვერიდან დაბრუნებული პასუხების მიხედვით სხვადასხვა ვიზუალის გამოჩენა, ავტორიზებული მომხმარებლისა და არაავტორიზებული მომხმარებლის განსხვავებული ვიზუალი/წყობა და ა.შ.
ბექ-ენდ დეველოპერი, Back-end Developer
იგივე server-side დეველოპერი ძირითადად მუშაობს ციფრული პროდუქტის “უკანა” მხარეს (რასაც მომხმარებელი ვერ ხედავს). მუშაობს მონაცემების სწორ შენახვასა და დამუშავებაზე. აწყობს სერვერსა და “წინა” მხარეს არსებული ციფრული პროდუქტის შორის კომუნიკაციას.
Solution Architect, სოლუშენ არქიტექტორი
სოლუშენ არქიტექტორი მიზნის მისაღწევად სწორ და საუკეთესო ტექნიკურ გადაწყვეტილებებს უზრუნველყოფს. ითვალისწინებს ისეთ შემზღუდველ ფაქტორებს, როგორებიცაა დეველოპერის რესურსი, სერვერის წარმადობა, დრო, არსებული ტექნოლოგია, გამოცდილება და ა.შ. დიაგრამებისა და სხვადასხვა ხერხების გამოყენებით გადმოსცემს პროდუქტის სხვადასხვა ასპექტის მუშაობის პროცესს, ეს კი დეველოპერებს უკეთესად აღქმაში ეხმარება.
ტესტერი, Tester
ციფრული პროდუქტების ტესტერი ამოწმებს პროდუქტს და ცდილობს აღმოაჩინოს ბაგები³ , პრობლემები, დეფექტები ან სხვა ნებისმიერი ფაქტორი, რომელიც მომხმარებელს მიზნის მიღწევაში ხელს უშლის. იყენებს ტესტირების სხვადასხვა მეთოდებს.
სხვა დეველოპერული პროფესიები
მიუხედავად იმისა, რომ ციფრული პროდუქტის გარშემო მომუშავე დეველოპერები 2 ნაწილად მარტივად გავყავით (წინა-front და უკანა-back), ამ სფეროში უამრავი “პროფესია” (სამუშაოს დასახელება) არსებობს. მაგალითად front-end დეველოპერები შეიძლება დაიყოს პლატფორმის მიხედვით: Web Front-End Developer, IOS App Front-End Developer, Android Front-End Developer. ასევე შესაძლოა განაწილდეს ტექნოლოგიის მიხედვით: Angular.js Developer, React.js Developer, Flutter Developer და ა.შ. Back-end დეველოპერებშიც არსებობს პროგრამული ენის მიხედვით დაყოფა: Java Developer, C# Developer, PHP Developer, Node.js Developer. კიდევ დამატებით ბაზების მიმართულებითაც ცალკე პროფესიები არსებობს. SQL Developer და ა.შ.
მეტი სიმარტივისთვის ძირითადად შეგვიძლია 2 მიმართულებად დავყოთ. (თუმცა Full-Stack Developer-ებიც არსებობენ, რომლებიც ორივეს — front და back მიმართულებებს ფლობენ 🤯)
📚 პროდუქტის მაგალითი #2 — ფიტნეს დიეტის აპლიკაცია
აღწერა
სტარტაპ კომპანიაში დამუშავებული იდეის საფუძველზე, შექმნეს ფიტნეს დიეტის აპლიკაციის დიზაინი, რომელიც მოიცავდა შემდეგ ფუნქციონალს:
- მომხმარებლის რეგისტრაცია/ავტორიზაცია
- არსებული განსაზღვრული დიეტების ჩამონათვალის ნახვა
- დიეტის შენახვა
- ახალი დიეტის შექმნა და დამატება
ვინაიდან უკვე დიზაინი მზად იყო, გადასცეს დეველოპერების გუნდს დასამუშავებლად.
პროცესი
გუნდიდან Solution Architect -მა გააანალიზა დიზაინები და მის საფუძველზე წარმოადგინა ზოგადი სისტემის არქიტექტურა. განსაზღვრა რომ აპლიკაცია დაიწერებოდა ცალკე IOS-ზე და ცალკე Android-ზე. ასევე დაასკვნა, რომ საჭირო იქნებოდა ცალკე back-end სერვერი, სადაც Nest.js-ის პროექტი უნდა გაშვებულიყო. გაჩნდა, საჭიროება, რომ საიდანმე უნდა წამოგვეღო დღეს ბაზარზე არსებული ფიტნეს დიეტების შესახებ ინფორმაცია. ამისათვის მიაგნო კომპანიას, რომელსაც გამზადებული ჰქონდა ეს სერვისი. საბოლოოდ განსაზღვრა, რომ სერვერს, გარე კომპანიასა და front-ს (IOS, Android) შორის კომუნიკაციისთვის REST API-ს (კომუნიკაციის მეთოდი) გამოიყენებდნენ. საბოლოოდ ეს ყველაფერი დიაგრამის სახით წარმოადგინა და გადასცა დეველოპერებს დასამუშავებლად.
Back-end დეველოპერმა შექმნა Nest.js-ის პროექტი და დაიწყო სხვადასხვა სერვისებზე⁴ მუშაობა, მიხვდა, რომ აუცილებლად დასჭირდებოდა რეგისტრაცია/ავტორიზაციის სერვისი. ასევე დაუერთდა გარე კომპანიას, საიდანაც ყოველ ჯერზე დიეტების შესახებ ინფორმაცია მოჰქონდა. შექმნა ბაზა, სადაც დიეტების ჩამონათვალს ინახავდა.
Front-end დეველოპერებიდან IOS დეველოპერმა და Android დეველოპერმა ცალ-ცალკე დაიწყეს მუშაობა და პირველ რიგში დიზაინების მიხედვით გვერდები ააწყვეს. შემდეგ Back-end დეველოპერის მიერ შექმნილ სერვისებს დაუერთდნენ, ლოგიკები განსაზღვრეს და აპლიკაციაც უკვე მუშა მდგომარეობაში მიიყვანეს.
Tester-მა დაიწყო როგორც აპლიკაციების წინა მხარის ასევე სერვერის სერვისების ტესტირება და რამდენიმე პრობლემა აღმოაჩინა. ამ პრობლემების შესახებ ინფორმაცია დეველოპერებს მიაწოდა.
დეველოპერებმა აღმოჩენილი პრობლემები გამოასწორეს, კოდში შეიტანეს ცვლილებები. ტესტერმა თავიდან გადატესტა და საბოლოოდ ყველა დარწმუნდა რომ აპლიკაცია უპრობლემოდ მუშაობს.
შედეგი
მივიღეთ სწორი არქიტექტურით შექმნილი აპლიკაცია, რომელიც მუშა მდგომარეობაშია და მზადაა უკვე მომხმარებლებზე გასაშვებად. App Store-ში და Google Play Store-ში განსათავსებლად.
პროდუქტის მენეჯმენტი
აღმოჩენა, პრიორიტეტიზაცია, კომუნიკაცია, კოლაბორაცია
ამ მიმართულებაში, როგორც წესი 1 ძირითადი პროფესია გვაქვს 😅
⚠️ Disclaimer: არსებობს კომპანიები რომლებსაც პროდუქტის მენეჯმენტის მიმართულება რამდენიმე პროფესიად აქვთ ჩაშლილი, თუმცა ჯამური მოვალეობები მაინც ერთია.
პროდუქტის მენეჯერი, პროდუქტის მფლობელი, Product Manager, Product Owner
მომხმარებლების მოთხოვნილებების მიხედვით პროდუქტის ფუნქციურ განვითარებაზე ზრუნვა. არსებული გადაწყვეტების დეტალური ანალიზი. მომხმარებლის ღირებულების, დასახარჯი რესურსის, სიადვილისა და ბიზნეს ღირებულების მიხედვით ფუნქციონალისა პრიორიტეტიზაცია.
⚠️ Disclaimer: დიდი დავა არსებობს — უნდა მივიჩნევდეთ თუ არა Product Manager-სა და Product Owner-ს ერთსა და იმავედ. ზოგადად შეგვიძლია ვთქვათ რომ Product Manager პროფესიაა და Product Owner ერთ-ერთი “მეთოდოლოგიის” როლი.
📚 პროდუქტის მაგალითი #3 — ტაქსის გამოძახების აპლიკაცია
აღწერა
ნელი ტაქსის გამოძახების მობილური აპლიკაციის — MaleMova-ს პროდუქტის მენეჯერია. ამჟამად MaleMova-ს აპლიკაციას სტანდარტული ფუნქციონალი აქვს. დღეის მდგომარეობით აპლიკაციის ანალიტიკური მონაცემები ასეთია:
- 10 ათასი თვეში აქტიური მომხმარებელი
- საშუალოდ დღეში 450 შეკვეთა
- 2 ათასი თვეში აქტიური მძღოლი
- დღიური მომხმარებლების საშუალოდ 64% კმაყოფილი
ბაზარზე ბევრი კონკურენტია. ნელიმ შეამჩნია რომ ზემოთ ხსენებული მონაცემები ნელ-ნელა უარესდება და ცდილობს მის გამოსწორებას.
პროცესი
ნელიმ პირველ რიგში მომხმარებლების პრობლემების აღმოჩენა დაისახა მიზნად. მკვლევრებთან ერთად შეხვდა 50 არსებულ მომხმარებლებს და წინასწარ შერჩეული კითხვარები წარუდგინა. ძირითადად ეცადა ზოგადი შეკითხვები დაესვა, მაგალითად:
- როცა გადაადგილება გჭირდებათ რას აკეთებთ ხოლმე?
- როდესაც გვიანდება შეკვეთები ამ დროს რას აკეთებთ?
- ყველაზე ხშირად რომელი მიმართულებებით მგზავრობთ?
ნელიმ ამ და სხვა შეკითხვებიდან მიღებული პასუხების საფუძველზე დაასკვნა რომ, მომხმარებლებს ხშირად უწევთ 1 მგზავრობაში რამდენიმე მისამართზე მისვლა და ბაზარზე არსებული გადაწყვეტები მათ ბევრ დროს და ენერგიას აკარგვინებს.
მომხმარებლის პრობლემის განსაზღვრის შემდეგ 1-დღიანი შეკრება მოაწყო გუნდის წევრებთან ერთად, სადაც რამდენიმე შესაძლო გადაწყვეტა გამოვლინდა:
- აპლიკაციაში შეკვეთამდე დავამატოთ რამდენიმე მისამართის შეყვანის შესაძლებლობა, მომხმარებელს მივცეთ საშუალება აარჩიონ მისამართების თანმიმდევრობა
- მგზავრობის დროს მომხმარებლებს მივცეთ მისამართის რედაქტირების საშუალება
- შეკვეთისას გავაკეთოთ მოსანიშნი — “1-ზე მეტი მისამართი”
- მომხმარებელს ამოვუგდოთ შეტყობინება, რომ მას შეუძლია მძღოლს გაესაუბროს და სიტყვიერად გადასცეს სხვადასხვა მისამართების შესახებ ინფორმაცია
შესაძლო ვერსიების გამოვლენის შემდეგ დიზაინერებმა და დეველოპერებმა შეაფასეს ყველა გადაწყვეტის განსახორციელებლად საჭირო რესურსი/ვადა:
- 12 კვირა
- 4 კვირა
- 2 კვირა
- 1 კვირა
ნელი რთული არჩევანის წინაშე დგას, იცის რომ პარალელურად 1-ზე მეტ გადაწყვეტაზე გუნდი ვერ იმუშავებს. ასევე ფიქრობს, რომ პირველი ყველაზე კარგი გადაწყვეტაა, მაგრამ 12 კვირა ძალიან ბევრია. ბევრი ანალიზისა და ფიქრის შემდეგ ნელიმ გუნდთან ერთად გადაწყვიტა, რომ მე-3 ვერსიაზე დაიწყებდნენ მუშაობას. 2 კვირის შემდეგ დააკვირდებოდნენ, რამდენი ადამიანი ნიშნავს მოსანიშნს “1-ზე მეტი მისამართი”. თუ შეატყობდნენ, რომ საგრძნობლად ბევრია, ამ შემთხვევაში გუნდი მე-2 ვერსიაზე დაიწყებდა მუშაობას.
შედეგი
შედეგად აპლიკაციამ მომხმარებლის ძირითადი პრობლემა გადაჭრა, ეს კი მხოლოდ 6 კვირაში მოხერხდა. სწორად წარმართულმა პროცესმა და პროდუქტის მენეჯერის გადაწყვეტილებებმა კომპანიას წარმატება მოუტანა. ერთი შეხედვით შესაძლოა 12 კვირიანი გადაწყვეტა შეგვერჩია, რასაც შემდეგი რისკები ჰქონდა:
- გვიან გადავჭრიდით პრობლემას, და ამასობაში შესაძლოა ბევრი მომხმარებელი დაგვეკარგა
- 6 კვირაშიც გადავჭერით პრობლემა და 12 კვირიანზე რომ გვემუშავა კომპანიას 6 კვირით მეტი ხარჯის გაწევა მოუწევდა
⚠️ Disclaimer: ზოგადად ასეთ სიტუაციაში პროცესი გაცილებით უფრო კომპლექსურია. არსებობს კიდევ უამრავი შიდა თუ გარე ფაქტორები, რაც განაპირობებდა სწორი გადაწყვეტის შერჩევას. თუმცა სიმარტივისთვის Product Manager არის ადამიანი, რომელიც გუნდთან ერთად განსაზღვრავს პროდუქტის განვითარების პროცესს, აპრიორიტეტებს მხოლოდ ისეთ სამუშაოს, რომელიც მომხმარებლისა და ბიზნესისთვის ყველაზე მაღალი ღირებულების მომტანია.
პროდუქტის მარკეტინგი
გაშვება, მომხმარებლის მოზიდვა, შენარჩუნება, ბაზარი, გაყიდვა
პროდუქტის მარკეტერი, ბრენდ მენეჯერი
პროდუქტის მარკეტერი უზრუნველყოფს პროდუქტის მომხმარებლებამდე გაშვების პროცესს. ინარჩუნებს მარკეტინგულ პოზიციონირებას და ეხმარება ახალი მომხმარებლების მოზიდვას. განსაზღვრავს პროდუქტის მესიჯინგს.
ციფრული მარკეტერი
ციფრული მარკეტერი იყენებს ციფრულ პლატფორმებსა და ხელსაწყოებს იმისათვის რომ მისწვდეს მომხმარებელს. საქართველოში ხშირად ასე მოიხსენიებენ: “აი facebook-ზე რომ ბუსტავენ პოსტებს ფულით” 😅 ამ წინადადების უკან კი დიდი შრომა, გამოცდილება და შედეგი დევს.
სხვა პროფესიები მარკეტინგში
მარკეტინგის სფეროში უამრავი სხვა პროფესია არსებობს: სოციალური მედიის მენეჯერი, კონტენტ კრეატორი, SEO პროფესიონალი და ა.შ. ეს პროფესიები ან კონკრეტული სფეროს მიხედვით იყოფა ან სამუშაოს სპეციფიკურობით.
📚 პროდუქტის მაგალითი #4 — ელექტრონული კომერციის ვებგვერდი
აღწერა
ელ.კომერციის ვებ გვერდის MogitanMale-ს პროდუქტის მენეჯერმა გუნდთან ერთად გადაწყვიტა რომ სრულიად ახალი კატეგორია “მოდა” დაემატებინა. გუნდმა იმუშავა ფუნქციონალზე და გაამზადა გასაშვებად.
პროცესი
პროდუქტის მარკეტერმა მენეჯერთან ერთად სრულად შეისწავლა ახალი ფუნქციონალი. განსაზღვრა კონკრეტული სეგმენტი. ჩამოაყალიბა გაშვების სრული გეგმა. გადახედა ბაზარზე არსებულ ისეთ კონკურენტებს, რომლებსაც მოდის კატეგორია უკვე აქვთ. დააკვირდა მათ მარკეტინგულ კომუნიკაციას და განსაზღვრა მესიჯინგისა და პოზიციონირების სტრატეგია.
სტრატეგიაზე დაყრდნობით ციფრულმა მარკეტერმა განსაზღვრა სოციალური მედიის სეგმენტი, რომელიც ხშირად ყიდულობს აღნიშნულ კატეგორიაში ტანსაცმელს. მას უკვე დაკავშირებული ჰქონდა Facebook ელ. კომერციის ვებ გვერდთან, რისი მეშვეობითაც ქმნიდა ისეთ აუდიტორიებს რომლებიც შედიოდნენ საიტზე.
შედეგი
შედეგად წარმატებით გაეშვა ფუნქციონალი და მისწვდა მომხმარებლებს. მარკეტინგის წარმომადგენლებმა სწორად და სწორ მომხმარებელს მიაწოდეს ის გადაწყვეტის გზები, რომლებიც მათ პრობლემებს უგვარებთ.
🤔 და როგორ შევარჩიო პროფესია?
გამოცადე, ისწავლე, შეიცვალე
იმედი მაქვს მეტი შეიტყვე ციფრული პროფესიების საქმიანობის შესახებ. ახლა მთავარია დიდი დრო არ დაკარგო იმაზე ფიქრში, თუ ზუსტად რომელი პროფესია გესადაგება შენ. გარემო მუდმივად ცვალებადია, განსაკუთრებით ციფრულ სფეროში.
დაიწყე იმ პროფესიით, რომელმაც ახლა, ამ სტატიის კითხვის დროს ყველაზე მეტად დაგაფიქრა. ციფრულ სამყაროში მიმართულების ცვლილება ძალიან ხშირია. გახსოვდეს, რომ ნებისმიერ სხვა მიმართულებაში მეტი ცოდნა და გამოცდილება, შენი ახალი ციფრული საქმიანობის უკეთ წარმართვაში დაგეხმარება.
[1] პროტოტიპი: ინტერაქციული აპლიკაციის დიზაინი, რომელიც ფუნქციურად არ არის გამართული მაგრამ რეაგირებს მომხმარებლის ინტერაქციაზე.
[2] Disclaimer: პასუხისმგებლობის უარყოფა, ნაწილი სადაც შესაძლოა გამიზნულად იყოს არასრულყოფილი ინფორმაცია წარმოდგენილი ინფორმაციის მარტივად მიწოდების მიზნით.
[3] ბაგი: პროგრამის ქცევა, რომელიც არ იყო გამიზნული. არსებული პრობლემა, რომელიც ხელს უშლის მომხმარებელს მიზნის მიღწევაში. (მაგ: ტექსტი დიდად ჩანს და ღილაკს ეფარება, პატარა ტელეფონებზე ღილაკი ქრება, სერვერიდან არასწორად ბრუნდება პასუხი და ა.შ.)
[4] სერვისი: პროგრამირებაში სერვისებს ვეძახით ადგილებს/პროცედურებს საიდანაც ინფორმაცია მოგვაქვს ან/და პირიქით სადაც ინფორმაციას ვწერთ. მაგალითად ავტორიზაციის სერვისი, რომელსაც Front-იდან მივაწვდით იმეილს და პაროლს. სერვისი კი სხვადასხვა შემთხვევაში სხვადასხვა პასუხს დაგვიბრუნებს — პაროლი არასწორია, ასეთი მომხმარებელი არ არსებობს და ა.შ.
_____________________________________________________
ავტორი: ლუკა ქობალია
Category:
Date:
მაისი 29, 2023